აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ლიეტუვაში ვიზიტისას განაცხადა, რომ ეთანხმება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმართვას, რომლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
„მსურს ლიეტუვაში, ესტონეთსა და ლატვიაში ყველამ და კრემლში პრეზიდენტმა პუტინმაც იცოდეს, რომ შეერთებული შტატები თავისი მოკავშირეების გვერდით დგას" - განაცხადა ოსტინმა ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მოსკოვი, რომელმაც ათიათასობით ჯარისკაცი მოაგროვა უკრაინის საზღვართან და შეერთებული შტატებისა და NATO-ს მიმართ უსაფრთხოების მოთხოვნებით გამოდის, უკრაინაში შეჭრის გეგმას უარყოფს და დასავლეთს ისტერიაში ადანაშაულებს.
19 თებერვალს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ თუ კრემლი მოინდომებს უკრაინის ხელში ჩაგდებას, მოსკოვის შემდეგი სამიზნე ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი იქნებიან. „ბრძოლა უკრაინისთვის არის ბრძოლა ევროპისთვის. თუ ის იქ არ გაჩერდება, ის უფრო შორს წავა", - განაცხადა ლანდსბერგისმა.
აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა, „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით.
17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას.
15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან.
ამავე თემაზე:
ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა