უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ მან სამშაბათს კიევში, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩვენ ვხედავთ თავდასხმას ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. მე მივიღე თხოვნა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, განვიხილო უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხი. პრესკონფერენციის შემდეგ დაუყოვნებლივ ვიმუშავებ ამ და სხვა საკითხებზე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ გუშინდელი მოვლენები იყო „ესკალაციის ნაბიჯი რუსეთის მხრიდან“ და გაიხსენა, რომ უკრაინამ ცოტა ხნის წინ შესთავაზა რუსეთს ყველა საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაჭრა.
„ჩვენ ვაცნობიერებთ ყველა რისკს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, გადაწყვიტოს ეს საკითხები დიალოგის გზით, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. მზად ვართ, შევხვდეთ ნებისმიერ ადგილზე.
ბოლო თვეებში კონსულტაციები გავმართეთ თითქმის ყველა ლიდერთან, მათ შორის, ევროკავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და ა.შ. და შევთავაზეთ დიალოგის ნებისმიერი ფორმატი, სადაც რუსეთის ფედერაცია იქნებოდა წარმოდგენილი. პასუხი მივიღეთ და ეს პასუხი გუშინ იყო. უკრაინამ ამაზე უნდა უპასუხოს სუვერენიტეტისა და ჩვენი სახელმწიფოს დაცვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამასთან, ევროკავშირის მხრიდან 21 თებერვალს დაანონსდა, რომ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.