რას მოიცავს ევროკავშირის სანქციების პირველი პაკეტი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „აღიარების“ საპასუხოდ ამოქმედდება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უმაღლესი წარმომადგენლის ხელმძღვანელობით დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე იმართება. ამის შემდეგ სანქციების პირველი პაკეტი ოფიციალურად იქნება წარდგენილი. შესაბამისი ორგანოები კი მის სისრულეში მოსაყვანად შეიკრიბებიან. მანამდე, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ ერთობლივი განცხადება ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტების სახელით გავრცელდა.

  • რუსეთის გადაწყვეტილება აღიაროს დამოუკიდებელ სუბიექტებად და გაგზავნოს რუსული ჯარები უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეულ რაიონებში უკანონო და მიუღებელია. ის არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და კიდევ უფრო ამწვავებს კრიზისს. მივესალმებით წევრი სახელმწიფოების ურყევ ერთიანობას და მათ გადაწყვეტილებას, რეაგირება მოახდინონ რუსეთის უკანონო ქმედებებზე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით.

სანქციები მოიცავს შემდეგ სამიზნეებს

  • ვინც უკანონო გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა.
  • ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო და სხვა ოპერაციებს ამ ტერიტორიებზე.
  • რუსეთის სახელმწიფოსა და მთავრობის შესაძლებლობა, შევიდეს ევროკავშირის კაპიტალსა და ფინანსურ ბაზრებსა და სერვისებზე.
  • ორი სეპარატისტული რეგიონიდან ევროკავშირში და ევროკავშირიდან ვაჭრობა, რათა პასუხისმგებელმა პირებმა ნათლად იგრძნონ თავიანთი უკანონო და აგრესიული ქმედებების ეკონომიკური შედეგები.

ევროკავშირი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, შემდგომ ეტაპზე დამატებითი ზომები მიიღოს.


21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.

22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. სანქციების დაწესების ევროკავშირის განცხადების მოლოდინშია მსოფლიოც. ამასთან, ევროკავშირის მხრიდან 21 თებერვალს დაანონსდა, რომ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.