ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს ამ კვირაში აღარ შეხვდება. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ენტონი ბლინკენის თქმით, ის აპირებდა ლავროვთან შეხვედრას, თუ რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში, თუმცა ახლა ეს პროცესი დაწყებულია.

  • გასულ კვირას, მე დავთანხმდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას, რომ განგვეხილა ჩვენი ქვეყნების შეშფოთება ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით, თუ რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ შეჭრა იწყება. შესაბამისად, ამ შეხვედრის გამართვას ახლა აზრი არ აქვს. ამის შესახებ კონსულტაციები მქონდა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და ყველა შევთანხმდით ამაზე. ასევე, წერილი გავუგზავნე მინისტრ ლავროვს და ამის შესახებ შევატყობინე.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 

21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.

22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.


ამავე თემაზე

სერგეი ლავროვთან შეხვედრას ამერიკული მხარე ერთი პირობით დათანხმდა

ჯო ბაიდენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თეთრ სახლში მიიღო