სერგეი ლავროვთან შეხვედრას ამერიკული მხარე ერთი პირობით დათანხმდა

ამ კვირის ბოლოს, ევროპაში დაგეგმილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრა, რაც იქნება დიპლომატიური მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა, რადგან რუსული ძალები უკრაინის საზღვარზე განლაგებას განაგრძობენ. ხსენებულ საკითხს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი CNN-თან ინტერვიუში შეეხო. ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეხვედრის გამართვა რუსეთის ქმედებებზეა დამოკიდებული.

„ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს რუსეთი უახლოეს დღეებში. თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება, მე ამ შეხვედრაზე ვიქნები“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

17 თებერვალს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვს შეხვედრა შესთვაზა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა 18 თებერვალს Twitter-ზე დაწერა, რომ პასუხად რუსებმა შეხვედრის დროდ მომავალი კვირის ბოლო შესთავაზეს, რასაც ამერიკული მხარე დათანხმდა იმ პირობით, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა აღარ მოხდება.


ამავე თემაზე

ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი შეხვედრას გამართავენ


აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა და მოსკოვს მოუწოდებს, დაუბრუნდეს დიპლომატიის გზას. კრემლი უკრაინაში შეჭრის განზრახვას უარყოფს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებზე გადასვლას და პრევენციულ სანქციებს მოითხოვს.

17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას.

15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან.


ამავე თემაზე:

ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს

ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა

ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე

რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა