რუსეთს სანქციების უწესებენ იაპონია და კანადაც. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იაპონიის მთავრობის განმარტებით, აიკრძალება იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაიყინება. შავ სიაში შეყვანილი პირები ვერც იაპონიის ტერიტორიაზე შესვლას მოახერხებენ.
„რუსეთის ქმედებები ძალიან ნათლად აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას. კიდევ ერთხელ ვაკრიტიკებთ ამ ნაბიჯებს და დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნდეს დიპლომატიურ გზას“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კუშიდამ.
შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.
21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.