დიპლომატია არის გეგმა „ა“, მაგრამ ის წარუმატებელი თუ იქნება, ვიბრძოლებთ ჩვენი მიწის ყველა სანტიმეტრისთვის, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
დმიტრო კულებამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ რუსეთის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენონ.
„მსოფლიომ ყველა შესაძლო ხერხით მძიმე დარტყმა უნდა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც აქამდე ჩაუდენია და რის ჩადენასაც სამომავლოდ აპირებს“, – განაცხადა კულებამ. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა.
საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.