პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია და მისი სუვერენიტეტის ხელყოფა მიუღებელია.
„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია და მისი სუვერენიტეტის ხელყოფა მიუღებელია. ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით. ყველას გვესმის და ვხედავთ, რომ რაც ახლა ხდება უკრაინაში, ზუსტად იმეორებს რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, რომელიც უკვე მოხდა. ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, ეს კონფლიქტი, ოკუპაცია გრძელდება და ყოველდღე ძალიან ბევრი ადამიანის უფლების უხეშ დარღვევას და ამ რეგიონებში განვითარების შეფერხებას იწვევს. ბუნებრივია, ეს არის შემაშფოთებელი. ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია იმავეს გეგმავს უკრაინასთან მიმართებით. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია პარტნიორებთან, როგორც ამერიკასთან, ასევე ევროკავშირთან და ველოდებით მათი მხრიდან ქმედით ნაბიჯებს იმ უკანონო ქმედებებზე, რომლებიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და უკრაინის სუვერენიტეტს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.
21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.