აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ 22 თებერვალს გამოაცხადა. სანქცირებულთა შორის მოხვდა ორი ფინანსური ინსტიტუტი. ახალი სადამსჯელო ზომა შეეხება რუსეთის სუვერენულ ვალსაც. ბაიდენი აცხადებს, რომ ეს ნიშნავს რუსეთის მთავრობის ჩამოშორებას დასავლური ფინანსებისგან.
„ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ახლო თანამშრომლობით დღეს მე ვაცხადებ სანქციების პირველ ტრანშს, რომელიც რუსეთს გუშინდელი ქმედებების საპასუხოდ დაეკისრება. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების გაფართოებას რუსეთის მიერ სიტუაციის ესკალაციასთან ერთად. ჩვენ ვაწესებთ სრულ ბლოკადას რუსეთის ორ მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტზე: VEB-სა და მათ სამხედრო ბანკზე. ჩვენ ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის მთავრობა დასავლეთის ფინანსებს მოვკვეთეთ. ის ვეღარ შეძლებს დასავლეთიდან ფულის მოზიდვას და ვაჭრობას ახალი ვალით ჩვენსა თუ ევროპულ ბაზრებზე. ხვალიდან, და ეს მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე უნდა იზიარებდნენ სასჯელსაც. რუსეთის ქმედებების გამო ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ გაგრძელდეს“, - განაცხადა ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტმა.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.
21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.