შალვა პაპუაშვილი რუსეთის სანქცირებაზე: ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის, ხალხის და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით

უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება საერთაშორისო სამართლის ყველაზე საბაზისო პრინციპების დარღვევაა. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია გადამწყვეტია.

„ამ ვითარებაში გადამწყვეტია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია იმისთვის, რომ არ დაუშვან ომი უკრაინაში და გააკეთონ ყველაფერი, რათა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები იყოს დაცული. მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების მტკიცე პოზიცია, რომ ორი რამ იყოს უზრუნველყოფილი – ომის არდაშვება და საერთაშორისო სამართლის აღსრულება.“.

უერთდება თუ არა საქართველო რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს, შალვა პაპუაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:

„რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება გვერდში დაუდგება უკრაინას. ზელენსკის განცხადებას თუ დააკვირდებით, მისი პოზიცია პატივსაცემია, როცა ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზა უსვამს, რომ ომი არ უნდა იყოს დაშვებული და ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები აღსრულდეს სხვა ბერკეტების მეშვეობით. ჩვენი ხელისუფლება ამ პრინციპებზე დაყრდნობით იმოქმედებს.

რაც შეეხება იმას, თუ რაში გამოიხატება ჩვენი გვერდში დგომა, თუკი დააკვირდებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებებს, მათ შორის, მისი გუშინდელი მიმართვა და პოზიცია ნამდვილად პატივსაცემია, როდესაც ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზს უსვამს, რომ ომი არ უნდა იყოს დაშვებული, ყველანაირი ზომები უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები სხვა ბერკეტების მეშვეობით აღსრულდეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლებაც სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით ისარგებლებს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თუ ზოგიერთი სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან წარმოებულ ისტერიას, ეს იქნება სანქციები, რეზოლუცია თუ ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ, ჩვენი ხალხის მანდატით ვხელმძღვანელობთ და არა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით, კარნახით ან მათთან შეთანხმებით", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 

21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.

22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.