ირაკლი ღარიბაშვილი: უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს

უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს, ამ ვითარებაში არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, უსაფრთხეობის საბჭოს სხდომის გამართვა, „პიარის და რაღაც შოუს დადგმა, ჩემი ხელწერა არ არის“.

„ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი მთავრობა, ჩემი მეთაურობით, ეროვნულ პოლიტიკას ვატარებთ. უსაფრთხოების საბჭოს გამართვა, პიარის და რაღაც შოუს დადგმა, ჩემი ხელწერა არ არის. მე საქმეზე და ჩემი ქვეყნის ინტერესებზე ვფიქრობ. ბუნებრივია, გუშინდელი დღის განმავლობაში უსაფრთხოების კაბინეტთან მქონდა განხილვა live რეჟიმში იმ ინფორმაციების, რომელიც ჩვენს სამსახურებს მოეწოდებოდა. ეს არის ჩემი ყოველდღიური მუშაობის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, ჩემი პასუხი არის შემდეგი, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს, ამ ვითარებაში არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს“, - განაცხადა პრემიერმა.


პრემიერი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ჩაინიშნა, მისვლას არ აპირებს. ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,რომ  ოპოზიციის „ამოცანა არის პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ვერ აირიდეს“.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ პარლამენტში სხდომა არ ჩატარდება, საბოლოოდ ეს არის კაპიტულაცია რუსეთის წინაშე, ეს არის განაცხადი „ქართული ოცნების", რომ არ აპირებენ იბრძოლონ ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.


ამავე თემაზე: პარლამენტში რიგგარეშე სხდომა 25 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა

„საჭიროდ მიმაჩნია, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ უსაფრთხოების საბჭო, რომ გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით“, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 თებერვალს, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდენტმა რომ განაცხადა, მასთან შესულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის თხოვნა და აპირებს, ხელის მოწერით დაეთანხმოს მის დანიშვნას.


ასევე წაიკითხეთ:

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ხელს მოაწერს

სალომე ზურაბიშვილი: მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო ყველა ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა

პრემიერი: მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, ჩვენ დღეს არავითარი საშიშროება არ გვაქვს

ირაკლი ღარიბაშვილის: უკრაინაში ჩასვლა, ჩასვლისთვის არაფრის მომცემია