ყაზახეთმა, რუსეთის ერთ-ერთმა უახლოესმა მოკავშირემ და სამხრეთ მეზობელმა, რუსეთს უკრაინაში ჯარის გაგზავნაზე უარი უთხრა. ამ ინფორმაციას ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით NBC არცელებს.
გარდა ამისა, ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ არ ცნობს რუსეთის მიერ „აღიარებულ“ სეპარატისტულ რესპუბლიკებს.
რუსეთის ტრადიციული მოკავშირის ნაბიჯს შეერთებული შტატები მიესალმა.
„ჩვენ მივესალმებით ყაზახეთის განცხადებას, რომ ისინი არ აღიარებენ LPR-ს და DPR-ს. ასევე მივესალმებით ყაზახეთის უარს იმასთნ დაკავშირებით, რომ თავისი ძალები შეუერთდეს პუტინის ომს უკრაინაში. - ნათქვამია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ყაზახეთში 2 იანვარს დაწყებულ პროტესტსა და შიდა არეულობას, 6 იანვარს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მხრიდან ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილება მოჰყვა. ამ ორგანიზაში შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. 10 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთის პრეზიდენტს კრემლში უმასპინძლა.
ცნობისათვის, 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.