თურქეთის ელჩი: ახლა წყდება არამხოლოდ ევროპული ღირებულებების ბედი

„ახლა წყდება არამხოლოდ ევროპული ღირებულებების ბედი“, ამის შესახებ თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა თბილისში გამართული დისკუსიის დროს განაცხადა, რომლის თემაც - „რუსეთის შეჭრა უკრაინაში“ იყო.

უკრაინაში ახლა წყდება არამხოლოდ ევროპული ღირებულებების ბედი, როგორც ეს ხშირად გაისმის, არამედ ეს არის გლობალური ღირებულებების საკითხი. „ინდოეთში, პაკისტანში, ლიეტუვაში... დედებს შვილები ერთნაირად უყვართ“, - განაცხადა ელჩმა რადიო თავისუფლების ცნობით.

ელჩმა ყურადღება გაამახვილება იმ გარემოებაზე, რომ რუსეთს, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლების მქონე წევრია, მეტი პასუხისმგებლობა აკისრია მსოფლიოში მშვიდობის დასაცავად. მან გაიხსენა რუსეთის პოზიცია უშიშროების საბჭოში, სადაც მოსკოვმა ვეტო დაადო უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ მიმართულ რეზოლუციას და ამის გამო საჭირო გახდა იშვიათი ნაბიჯის გადადგმა - რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე მიიღო ხმების დიდი უმრავლესობით.

ფატმა ჯერენ იაზგანის თქმით, ეს ომი სახიფათოა რეგიონისთვის, თავად რუსეთისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. ასეთ პირობებში აუცილებელია გაერთიანებული ძალისხმევა. მან საქართველოს პოლიტიკოსებს, ქართულ საზოგადოებას მოუწოდა, დაივიწყონ დაპირისპირებები. „ახლა გაერთიანების დროა“, - განაცხადა ელჩმა და დაამატა: „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთის აგრესია გავაჩეროთ.“