დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიას რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი და ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დაემატნენ

დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს სანქციები დაუწესა. ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და იგორ შუვალოვი გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიას 3 მარტს დაემატნენ. ორივე ოლიგარქის აქტივები სრულად გაიყინება, მათ მოგზაურობაც აეკრძალებათ. The Guardian-ის წყაროების თანახმად, უსმანოვს სარდინიაზე ვილაც ჩამოართვეს.

ვინ არის ალიშერ უსმანოვი, მის შესახებ ბრიტანულ Guardian-ი ვრცელ მასალაში წერს.

ტელეკომის მაგნატი უსმანოვი დიდ ბრიტანეთში 48 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლეს ფლობს. უზბეკეთში დაბადებული მილიარდერი, რომელმაც სიმდიდრისკენ პირველი ნაბიჯები, საბჭოთა კავშირში დეფიციტური, პლასტიკური ჩანთების წარმოებით გადადგა, ახლა რისკის ქვეშაა, დასავლური სანქციების გამო, ქონების ნაწილი დაკარგოს. უსმანოვი წლების განმავლობაში ფლობდა წილებს პრემიერ ლიგის კლუბში - „არსენალი“. ჰქონდა სასპონსორო ურთიერთობა „ევერტონთან“. მისი ძმისშვილი სარვარ ისმაილოვი მცირე ხნით ევერტონის დირექტორთა საბჭოში იყო, ასევე ეკავა ქალთა გუნდის სპორტული და კომერციული დირექტორის თანამდებობა. სპორტმა უსმანოვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ის ერთ დროს მოფარიკავეც იყო.

უსმანოვი 600 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერიახტას (დილბარი) ფლობს. Forbes-ი 4 მარტს იუწყებოდა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, მილიარდერ ალიშერ უსმანოვის 156-მეტრიანი იახტა „დილბარი“ ჰამბურგში დააკავა. ლითონების 68 წლის მაგნატი უსმანოვი ჟურნალ Forbes-ის 2021 წლის მილიარდერთა სიაში 14,1 მილიარდი დოლარით (11 მილიარდი ფუნტი)99-ე ადგილზე იყო.

კვირის დასაწყისში ოლიგარქმა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. მას ეს თანამდებობა 2008 წლიდან ეკავა. განაცხადა, რომ უარს ამბობს თავისი უფლებამოსილების შესრულებაზე, „ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება“. აქვე დაამატა, რომ გამოიყენებს „ყველა კანონიერ საშუალებას“, თავისი „ღირსებისა და რეპუტაციის“ დასაცავად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წლებში უსმანოვი რამდენიმე კომპანიისა და ფინანსური ფირმის დირექტორი იყო. 1990-იანი წლების ბოლოს ის, სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის „გაზპრომის“ საინვესტიციო განყოფილების გენერალური დირექტორი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გახლდათ.

რაც შეეხება რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერს, ის ორ მდიდრულ ბინას ფლობს ლონდონის ცენტრში, რომლის ღირებულებააც 11 მილიონ ფუნტს შეადგენს. იგორ შუვალოვი, სახელმწიფო განვითარების კორპორაციის VEB.RF-ის თავმჯდომარე და ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს წევრია.

ცნობისთვის, 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები.


ამავე თემაზე

რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters

აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა