გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდების შენარჩუნების პარალელურად, კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა არ მოხდეს ფასების უსაფუძვლო მატება.
„დღეს არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო მიმართულებების მხარდაჭერა, ასევე ბიზნესისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. იმპორტიორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ; სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაქსიმალურ კოორდინაციაში ვიმუშავებთ იმპორტიორებთან და მიმწოდებლებთან“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.