ევროკავშირი სანქციების შავ სიაში რუსი ოლიგარქებისა და დეპუტატების დამატებას დაეთანხმა. საერთაშორისო მედიის ცნობით, კრიპტოაქტივები და საზღვაო სექტორი სანქციების სამიზნეა.
ევროკავშირი ასევე დაეთანხმა SWIFT-დან სამი ბელორუსული ბანკის გარიცხვას.
„ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ სანქციებს რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
უფრო კონრეტულად, სანქცირებულთა სიაშია პუტინთან დაახლოებული 14 რუსი ოლიგარქი და რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის 146 წევრი.
მათი ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, როდესაც სანქციები ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნდება.
ევროკავშირი ცდილობს, გააძლიეროს ზეწოლა კრემლზე და ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მზად არიან, დააწესონ დამატებითი სანქციები, ვიდრე რუსეთი ომს არ დაასრულებს. თუმცა ბლოკი ჯერჯერობით ვერ იზიარებს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, რუსული ნავთობის და გაზის შეწყვეტის თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ წევრი ქვეყნები არიან დამოკიდებულნი მისი აღმოსავლელი მეზობლის ენერგიაზე. 8 მარტს, ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა. ევროკავშირს სურს, რუსული გაზის შესყიდვა 2030 წლამდე შეწყვიტოს. მანამდე კი, წლის ბოლომდე, შესყიდვების ორი მესამედით შემცირებას ისახავს მიზნად.
„ჩვენ დამოუკიდებელი უნდა გავხდეთ რუსული ნავთობისგან, ნახშირისა და გაზისგან. უბრალოდ, არ შეგვიძლია, ვიყოთ დამოკიდებული მომწოდებელზე, რომელიც პირდაპირ გვემუქრება“ , - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. წარმოდგენილ გეგმას ხუთშაბათს, საფრანგეთში საგანგებო სამიტზე განიხილავენ.
ცნობისთვის, აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.