ეკატერინე ტიკარაძე: სასტუმროებით არის ჩანაცვლებული ის საველე ჰოსპიტლები, რომლის გახსნისკენაც აქტიურად მოგვიწოდებდნენ

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „სასტუმროებით არის ჩანაცვლებული ის საველე ჰოსპიტლები, რომლის გახსნისკენაც აქტიურად მოუწოდებდნენ კონკრეტული ჯგუფები, ჯანდაცვის სამინისტრომ კი ბევრად უფრო უსაფრთხო და გამართული პრაქტიკა დანერგა“.

მინისტრობის კანდიდატმა ეს განცხადება პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში საწოლფონდის რაოდენობა მარტის თვიდან დღემდე 10-ჯერ არის გაზრდილი და 96 კლინიკაში 7200 საწოლია მობილიზებული. მისი თქმით, ამ რაოდენობას ემატება ასევე კლინიკურ სასტუმროებში არსებული 9500 საწოლი.

„თუ მარტის დასაწყისში საწოლფონდი შეადგენდა 15 კლინიკაში მობილიზებულ 826 საწოლს, მაჩვენებლი დღეისათვის არის 10-ჯერ გაზრდილი. დღეს სისტემაში მონაწილეობს 96 საავადმყოფო 7200 მდე საწოლით, რისი გაფართოების საშუალებაც ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ გვაქვს. საწოლების აღნიშნულ რაოდენობას დაემატა კოვიდის მართვაში ჩართული სასტუმროები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირიდან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნება 400-ზე მეტი საწოლი, რომელიც ინტენსიური პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი.

იმდინარე კვირაში თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩვენ გვექნება 400-ზე მეტი საწოლი, რომელიც ინტენსიური პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო უახლოეს მომავალში, მომავალი წლის გაზაფხულამდე ჩვენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ დავამატებთ 400 საწოლს, რომელიც სრულად იქნება ჩართული პანდემიის მართვაში,“- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე ტიკარაძე შეეხო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართ გამოთქმულ საზოგადოებრივ აზრს.

"სასწრაფოს დაგვიანება არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი, რაზეც მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ობიექტური კრიტიკა მოდის მოსახლეობიდან, მე ვარ სოლიდარული, მაგრამ როდესაც მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, ყველამ უნდა გავიხსენოთ, თუ რამდენად დიდი შრომის ფასად უწევს სასწრაფოს ექიმებს პანდემიის სირთულეებთან გამკლავება. დღეისთვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე რეაგირების დრო, შესაბამისად, შემცირდა გამოძახების დაყოვნების მაჩვენებელი. გამოძახებაზე საშუალო მოლოდინის დრო წინა პერიოდში იყო საათი და 24 წუთი, რომელიც 20 წუთამდე არის შემცირებული. გადაუდებელი დახმარების გაუმჯობესება ჩვენი პრიორიტეტია“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრობის კანდიდატი შეეხო კლინიკების ფინანსური ვალდებულებების საკითხს. მისი თქმით, 2020 წელს, კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მილიონი ლარით შემცირდა. 2020 წლის 31 დეკემბრისთის კი დავალიანება 160 მილიონ ლარზე მეტი არ იქნება.

„ჯანმთელობის ეროვნულმა სააგენტომ უკვე შეძლო ადმინისტრირების იმგვარი მოწესრიგება, რომ უკვე დავძლიეთ არაერთი გამოწვევა. მათ შორის, კლინიკებისადმი ფინანური ანგარიშსწორების ვადები შემცირებულია და მოწესრიგდა. ეს საკითხი მუდმივად წარმოადგენდა სამინისტროსა და პროვაიდერებს შორის დავის საგანს. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების ჯამური დავალიანება შეადგენდა 361 მილიონ ლარს. 2020 წლის იდენტური პერიოდისთვის დავალიანება იქნება არა უმეტეს 160 მილიონი ლარისა. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის მანძილზე კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მილიონი ლარით შემცირდა. გარდა ამისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაწესებულებებს ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებისთვის მათი ერთი თვის ვალდებულება წინასწარ გადავუხადოთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.