მთავარი გზავნილები ვერსალში გამართული ისტორიული სამიტიდან

10 მარტს, მრავალი ისტორიული მოვლენის მომსწრე, ვერსალში, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან მე-15 დღეს, სახელმწიფოების / მთავრობების მეთაურები შეიკრიბნენ. მწვავე 5-საათიანი დისკუსიის შემდეგ, ლიდერების განცხადება გავრცელდა, რომელიც „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას“ ეძღვნება. ტექსტი პუნქტებად არის დაყოფილი და პირველი ნაწილი მოიცავს სამ მოწოდებას: რომ უკრაინის ატომური ობიექტების უსაფრთხოება და უვნებლობა დაუყოვნებლივ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დახმარებით; რომ  რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. ამასთან, სრულად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

  • განცხადების ავტორები ასევე მიესალმნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების შესახებ და  აცხადებენ, რომ რუსეთს და მის თანამზრახველ ბელორუსს ამ აგრესიული ომისთვის სრულ პასუხისმგებლობა ეკისრებათ და დამნაშავეები პასუხისმგებელნი იქნებიან თავიანთი დანაშაულებისთვის.

1. ორი კვირის წინ რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა. რუსეთის საფუძველსმოკლებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდების პრინციპებს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას. ეს უკრაინის მოსახლეობას ენით აღუწერელ ტანჯვას აყენებს. რუსეთს და მის თანამზრახველ ბელორუსს ამ აგრესიული ომისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ და დამნაშავეები პასუხისმგებელნი იქნებიან თავიანთი დანაშაულებისთვის, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე განურჩეველი თავდასხმებისთვის. ამ მხრივ მივესალმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების შესახებ. მოვუწოდებთ, რომ უკრაინის ატომური ობიექტების უსაფრთხოება და უვნებლობა დაუყოვნებლივ იყოს უზრუნველყოფილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დახმარებით. მოვითხოვთ, რომ რუსეთმა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და სრული პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

  • მეორე პუნქტში რუსეთსა და ბელორუსზე ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებას აანონსებენ. მზადყოფნაა გამოხატული „დემოკრატიული უკრაინის აღდგენისადმი, როგორც კი რუსეთის თავდასხმა შეწყდება“.

2. ვაფასებთ უკრაინელ ხალხს მისი სიმამაცისთვის თავისი ქვეყნისა და ჩვენი საერთო ღირებულებების - თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვისთვის. ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ კოორდინირებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული უკრაინის აღდგენას, როგორც კი რუსეთის თავდასხმა შეწყდება. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ზეწოლა რუსეთსა და ბელორუსზე. შემოვიღეთ მნიშვნელოვანი სანქციები და კვლავ მზად ვართ, ახალი სანქციები წრაფად შემოვიღოთ.

  • მესამე პუნტქში ევროპა მათ, ვინც უკრაინის ომს გაურბის, დახმარებას სთავაზობს. ამასთან,  მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები. მან უნდა უზრუნველყოს უკრაინაში მსხვერპლებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და უზრუნველყოს უსაფრთხო გასასვლელი იმ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ვისაც წასვლა სურს.

3. უამრავი ადამიანი უკრაინის ომს გაურბის. ჩვენ ვთავაზობთ დროებით დაცვას ომის შედეგად ყველა ლტოლვილად ქცეულს უკრაინიდან. ვაფასებთ ევროპულ ქვეყნებს, განსაკუთრებით უკრაინის საზღვრებთან, მათი უდიდესი სოლიდარობისა და უკრაინაში ომის შედეგად ლტოლვილების მასპინძლობისთვის. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ სოლიდარობის გამოხატვას ყველა ლტოლვილსა და მასპინძელი ქვეყნის მიმართ და მათთვის ჰუმანიტარული, სამედიცინო და ფინანსური დახმარების გაწევას. მოვუწოდებთ, რომ თანხები დაუყოვნებლად იყოს ხელმისაწვდომი „ევროპაში ლტოლვილთა დასახმარებლად ერთობლივი პოლიტიკის განხორციელების (CARE)“ შესახებ წინადადების სწრაფი მიღებისა და ReactEU-ს საშუალებით. მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები. მან უნდა უზრუნველყოს უკრაინაში მსხვერპლებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და უზრუნველყოს უსაფრთხო გასასვლელი იმ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ვისაც წასვლა სურს.

მეოთხე პუნქტის თანახმად, ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, როგორც ეს ასოცირების შესახებ შეთანხმებაშია ასახული.

4. ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, როგორც ეს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში არის ასახული. 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, უკრაინის მიერ საკუთარი ბედის არჩევის უფლების განხორციელებისას, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. საბჭომ სწრაფად იმოქმედა და შესთავაზა ევროკომისიას, წარმოედგინა თავისი მოსაზრება ამ განცხადებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ფუძემდებლური შეთანხმებების შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით. ამის მოლოდინში და დაუყოვნებლივ, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპული გზის გასაგრძელებლად. უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.

  • მეხუთე, მცირე პუნქტი კი, საქართველოს და მოლდოვას ეძღვნება.

5. საბჭომ შესთავაზა კომისიას, წარმოადგინოს მოსაზრებები მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს განაცხადებების შესახებ.


„ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს - „დიახ“. პროცესი დაიწყო. ეს განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას ეკუთვნის. მის ამ განცხადებას კი, ევროპელი ლიდერების საკამათო კომენტარები უძღოდა წინ.

რუსეთთან ომის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს, რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან მეხუთე დღეს მოაწერა ხელი.


ამავე თემაზე

ლიეტუვის პრეზიდენტი: ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“

მაკრონი: არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა ომში მყოფ ქვეყანასთან გავხსნათ

გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი პროცედურა არ იქნება - CNN

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: ევროკავშირმა უკრაინას "მწვანე შუქი" აუნთო