გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი პროცედურა არ იქნება - CNN

საერთაშორისო  მედიის ცნობით, ევროკავშირთან დაკავშირებით ერთიანია, მაგრამ გაწევრიანების სწრაფ პროცედურას კიევს არ შესთავაზებს. CNN-ის ცნობით, გერმანიის კანცლერმა მიანიშნა იმაზე, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის პირობებში, უკვე რთულია ევროკავშირში ერთსულოვანი გადაწყვეტილებების მიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, საგარეო, ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა. ოლაფ შოლცმა ასოცირების შეთანხმებაზეც მიუთითა, რომელიც ევროკავშირმა და უკრაინამ 2017 წელს გააფორმეს და რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ იმის განხორციელება, რაც წარსულში ნამდვილად გადავწყვიტეთ. ეს არის კურსი, რომელსაც უნდა მივყვეთ“, - განუცხადა გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებს საფრაგეთში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ.


სამიტის წინ, ვერსალში გაკეთებული განცხადების დროს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ასევე უარყო უკრაინის მოწოდება ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შესახებ.

„არ არსებობს გაწევრიანების სწრაფი ტემპი, ასეთი რამ არ არსებობს”, - განაცხადა მარკ რუტემ.


Bloomberg-ი 9 მარტს წერდა, რომ რუსეთის უმსხვილესი ბანკისა და ენერგეტიკის სექტორის მიმართულებით დასავლეთის სანქციების გაფართოებას გერმანია ეწინააღმდეგება. კერძოდ, გამოცემა დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ბერლინს SWIFT-ისგან მოწყვეტილი რუსული ფინანსური ინსტიტუტების სიის გაფართოება და ამ სიაში Sberbank ის დამატება არ სურს.

მედიას შოლცის განცხადებაც მოჰყავს, რომლის თანახმად, გერმანიის კანცლერი რუსეთიდან ნავთობის და გაზის მიწოდების შეწყვეტის წინააღმდეგია, რადგან თვლის, რომ ამას „არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპული ეკონომიკისთვის.

შეგახსენებთ, 9 მარტს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანია გააკრიტიკა. Die Welt-თან ინტერვიუში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანიას მოუწოდა, სიმართლეს გაუსწოროს თვალი, მისცეს უკრაინას იარაღი, დაეხმაროს მას ცის დაცვის უზრუნველყოფაში, ხელი შეუწყოს უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას.

„ვიდრე ევროპულ უკრაინაში ხალხი იღუპება, თქვენ ძალიან ცოტა გააკეთეთ“, - აღნიშნა კულებამ.

შეგახსენებთ, გერმანია უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე უარს აცხადებს. ბერლინს თავშეკავებული პოზიციის გამო, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, მაშინ აკრიტიკებდნენ, როდესაც საქმე ეხებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას.


ოლაფ შოლცი: უკრაინას ყველა ტიპის თავდაცვითი მასალა გადავეცით და იარაღი გავაგზავნეთ