ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა, საჭირო მოცულობის ნავთობის მიწოდება უზრუმველყოს მსოფლიო ბაზარზე და დაასტაბილუროს ფასები, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA.
„ირანის მთავრობა ყველა ძალისხმევას მიმართავს, რათა დაიბრუნოს და გაზარდოს ირანის ნავთობის წილი ბაზარზე“, განუცხადა IRNA-ს NIOC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰსენ ხოჯასტე მეჰრმა.
მისივე თქმით, სანქციების პერიოდში და მის შემდგომ, მსოფლიო ბაზარზე დასაბრუნებლად საჭირო ზომები მიიღება.
„NIOC-ში ჩვენ მზად ვართ, დავაკმაყოფილოთ ევროპული კომპანიების საჭიროებები, სხვა კომპანიებთან ერთად“, - აღნიშნა მოჰსენ ხოჯასტე მეჰრმა.
ირანის ნავთობის ინდუსტრია და მისი ექსპორტი 2018 წლის ზაფხულიდან, აშშ-ის სანქციების ქვეშაა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ვაშინგტონი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გაიყვანა და ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციები აღადგინა.