ლატვია რუსული გემებისთვის პორტების დაკეტვას აპირებს

ლატვიის მთავრობა მზადაა, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს საკუთარი პორტები დაუკეტოს. ამის შესახებ რუსული მედია ტალის ლინკაიტასზე დაყრდნობით წერს, რომელმაც TV3-ს ინტერვიუ მისცა. 

„რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები დღემდე შემოდიან ლატვიის პორტებში. არ ვფიქრობ, რომ ეს მისაღებია, ამიტომ ჩვენ რელევანტური გადაწყვეტილების მიღებას ვგეგმავთ“,- განუცხადა ლატვიის ტრანსპორტის მინისტრმა ტალის ლინკაიტსმა TV3-ს.

მინისტრის თქმით, პორტების ადმინისტრაცია მთავრობის ამ მოთხოვნას ჯერჯერობით არ ითვალისწინებს. ლინკაიტსის განმარტებით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის ლატვიის პორტების დაკეტვა, ვენტსპილსის პორტში ტვირთბრუნვას 2/3-ით, რიგაში 45%-ით, ხოლო ლიეპაეში 20-30%-ით შეამცირებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ესტონეთმა და ლატვიამ რუსეთს საჰაერო სივრცე დაუხურა. 

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. 

შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

ასევე წაიკითხეთ

Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის  

ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს