მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი, რომლის ფარგლებში გამოყოფილი 109 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებით მოხდება კახეთის რეგიონის დედაქალაქთან და ქვეყნის ავტომაგისტრალთა ქსელთან დაკავშირება. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
„ეს არის პროექტი, რომელიც დააჩქარებს კახეთის განვითარებას და გადამწყვეტი იქნება რეგიონის ინფრასტრუქტურული, ლოგისტიკური, სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკური განვითარებისთვის და დიდ გავლენას იქონიებს არა მარტო კახეთის, არამედ მთლიანად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესზე“, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
ამასთან, მსოფლიო ბანკის ცნობით, კახეთი, როგორც მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო და ღვინის წარმოებისა და ექსპორტის ცენტრი, რომელსაც ტურიზმისა და ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, ამ პროექტის განხორციელების შედეგად სარგებელს მიიღებს ტვირთების გაზრდილი მოძრაობით, ისევე როგორც შედარებით უფრო ხანმოკლე და უსაფრთხო მგზავრობით დედაქალაქამდე და ქვეყნის სხვა რეგიონებამდე. ასევე, მოსალოდნელია, რომ პროექტი წვლილს შეიტანს COVID-19 კრიზისიდან ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესში, განსაკუთრებით მოკლევადიან პერსპექტივაში – სამშენებლო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნით და ადგილობრივი მეწარმეებისთვის შემოსავლის გაზრდით.