უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „უკრაინსკაია პრავდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არ დაადასტურა შეთანხმებების არსებობა, რომლებზეც თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა ილაპარაკა.
მისი თქმით, შეუძლებელია მოლაპარაკებების დაყვანა აღნიშნულ ექვს საკითხზე. კერძოდ, კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინული ენა უნდა დარჩეს ერთადერთ სახელმწიფო ენად. მისი თქმით, უკრაინა მოითხოვს პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტას, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებს. რუსეთთან მოლაპარაკებების მსვლელობაზე მან თქვა, რომ ისინი მძიმედ მიმდინარეობს. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა თურქეთს ომის შეწყვეტისკენ მიმართული დიპლომატიური მცდელობისთვის.
მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთისთვის საკმარისი არ არის უკრაინის ნეიტრალიტეტის სტატუსი. მოსკოვი მოითხოვს „კომპლექსურ ხელშეკრულებას“, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის მოთხოვნები, რომლებიც მან უკრაინაში შეჭრამდე წამოაყენა - ე.წ. დენაციფიკაციის, დემილიტარიზაციის, ყირიმის სტატუსისა და დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარების შესახებ. ამის გარეშე „შეთანხმების მიღწევა ნაკლებ სავარაუდოა“, თქვა მედინსკიმ. მან უკრაინას მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დასდო ბრალი.
საგულისხმოა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებული განაცხადება, რომ ჯარი „დონბასიის სრულად განთავისუფლებაზე“ კონცენტრირდება. ამის შესახებ უკრაინულმა მედიმ რუსულ გამოცემებზე დაყრდნობით დაწერა. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთმა ომში თავის მიზნებს შესაძლოა რალუად გადახედოს.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ერდოღანი: უკრაინამ და რუსეთმა ომის დასრულებისთვის 6-დან 4 პუნქტზე შეთანხმებას მიაღწიეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა
ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს