უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ დოჰაში, „დელფის ფორუმზე“ ჩართვისას განაცხადა, რომ რუსეთი არ იღებს საკადრის პასუხს ჩადენილი ბოროტებისთვის.
„რუსეთი იყენებს ბირთვულ სტატუსს და მთელ მსოფლიოს ემუქრება. ამიტომ საჭიროა საერთაშორისო ინსტიტუტების რეფორმირება სამართლიანობის აღსადგენად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 31-ე დღეა სამართალს ვერ პოულობს. „ჩვენ არ შეგვიძლია ვიპოვოთ სამართალი მსოფლიოში უკვე 31-ე დღეა მას შემდეგ რაც ქვეყანა, რომელიც უკრაინაზე 28-ჯერ დიდია, ჩვენთან სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა. ჩვენ დამოუკიდებლად ვიცავთ ქვეყანას ბრძოლის ველზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ის ოთხი შემთხვევა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება „ბირთვული იარაღი“ გამოიყენოს.
22 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს დღეს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა.
ასევე წაიკითხეთ
პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.
ლავროვი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: უფლებას არ მივცემთ, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა
რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - თენგიზ ფხალაძის ხედვა