როდის და რა ფორმით განახლდა სასწავლო პროცესი იტალიაში და რა სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე დგას პანდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნის სასკოლო სისტემა...
მაშინ, როდესაც საქართველო, უამრავი სხვა ქვეყნის მსგავსად, ჯერ კიდევ შორიდან აკვირდებოდა კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ამბებს, იტალია ნამდვილ ომში ჩაერთო ამ ერთი შეხედვით არცთუ საშიშ, მაგრამ როგორც ადამიანურად, ისე ფინანსურად, ძალიან დიდი ზარალის, მომტან ვირუსთან.
სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, ერთ-ერთი პირველი მოხვდა იმ ობიექტების სიაში, რომლებიც ჯერ კიდევ საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დაიხურა.
იტალიამ, პირველმა მიიღო ძლიერი დარტყმა და ერთ-ერთმა პირველმავე დაიწყო მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა. საწყის ეტაპზე მძიმე შეზღუდვების გათვალისწინების შედეგად და ჯერ კიდევ მთელი რიგი რეგულაციების ფონზე, რაც დახურულ და ღია სივრცეში ნიღბების ტარებას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საღამოს 6-დან დილის 6 საათამდე, დისტანციის დაცვის აუცილებლობას და სხვა სახის შეზღუდვებს გულისხმობს.
ამ ეტაპზე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იტალია ძველ, საოცრად ცოცხალ და ლამაზ ყოველდღიურობას ნელ-ნელა უბრუნდება. იმის ფონზე, რომ საქართველოში სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურ რეჟიმში დაიწყო, ალბათ უცნაურად მოგეჩვენებათ ის ფაქტი, რომ იტალიის სკოლების დიდმა ნაწილმა, სასწავლო პროცესი, ჩვეულ რეჟიმში განაახლა.
სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ფლორენციის, სკანდიჩის, რასელ-ნიუტონის სახელობის „HIGH SCHOOL“-ის, იტალიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, მასიმო სერიაკოპის, რომელსაც 29 წლიანი გამოცდილება აქვს, მოსწავლეები და სკოლის პერსონალი კი ბავშვების სიყვარულის ამდენივეწლიანი სტაჟით ახასიათებენ.
მასიმო სერიაკოპი: იტალიაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 5 მარტს, სრულიად მოულოდნელად, პირველი კომუნიკაციიდან, სულ რამდენიმე საათში დავხურეთ სკოლა. მოგვიწია შუა გზაზე მიგვეტოვებინა არა მხოლოდ ძირითადი სასწავლო პროგრამა და პროცესი, არამედ მთელი რიგი პროექტები და აქტივობები, რომელთა ნაწილი დღემდე დაუსრულებელია.
სრულიად პარალიზებულნი აღმოვჩნდით, როგორც დირექცია და პედაგოგები, ასევე მოსწავლეები და მათი მშობლები, მაგრამ ვაცნობიერებდით, რომ შექმნილ ვითარებაში, ეს უბრალოდ გარდაუვალი იყო.
- მას შემდეგ, რაც გაიგეთ, რომ სკოლები იხურებოდა, როგორი იყო პირველი რეაქცია და შემდეგ უკვე პირველი ნაბიჯები სკოლის მხრიდან?
- მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვის განმავლობაში მიდიოდა საუბრები, მაინც მეხის გავარდნის ეფექტი ჰქონდა იტალიის მთავრობის მიერ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას. სემესტრი ისე დასრულდა, რომ სასწავლო პროცესის განახლება ვერ მოხერხდა. ბავშვები მერხებს ახალ სასწავლო წელს, 14 სექტემბერს დაუბრუნდნენ, მაგრამ ბოლო მომენტამდე არ ვიცოდით, გავიხსნებოდით თუ არა. სკოლის დახურვის შემდეგ, არ დავლოდებივართ განათლების სამინისტროს ინსტრუქციებს და დამოუკიდებელად დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა. მაშინვე სრული დატვირთვით ავამუშავეთ სკოლის ინფორმატიკის განყოფილება და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად ტექნიკური და ტექნოლოგიური სირთულეებისა, შევძელით მოსწავლეებთან და ოჯახებთან კონტაქტის შენარჩუნება. არ ვგულისხმობ მხოლოდ მკაცრად გაწერილ სასწავლო პროგრამას, გვინდოდა ჩვენი ბავშვებისთვის გვეგრძნობინებინა, რომ მათ გვერდით ვიყავით და რომ ისინი არავის მიუტოვებია. მასწავლებლებიც მუდმივად ხაზზე ვიყავით ერთმანეთთან და ვცვლიდით ინფორმაციას. რამდენიმე კვირაში, განათლების სამინისტროს ინსტრუქციებიც წამოგვეწია. პასუხისმგებლობის გრძნობის საკმაოდ მაღალი დონე გამოავლინეს.
- დისტანციური სწავლებისას საქართველოში, განსაკუთრებით იმ ოჯახებში, სადაც ერთზე მეტი ბავშვია, თავი იჩინა საკმაოდ მწვავე პრობლემამ, ხშირ შემთხვევაში, ოჯახში მხოლოდ ერთი კომპიუტერია, მაგრამ ონლაინგაკვეთილები ყველა ბავშვისთვის ერთდროულად მიმდინარეობს. ეს საკითხი როგორ მოაგვარეთ?
- ჩვენ გამოვავლინეთ ყველა ის მოსწავლე, რომელსაც არ ჰქონდა პერსონალური კომპიუტერი და სკოლამ საკუთარი რესურსებით, უფასოდ უზრუნველჰყო ისინი ტაბლეტებით. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დისტანციური სწავლის პროცესშიც ყველა მოსწავლე თანაბარ მდგომარეობაში ყოფილიყო.
- განაახლეთ სასწავლო პროცესი, მაგრამ თქვენი სკოლა ძალიან დიდია მასშტაბებით, როგორ ახერხებთ უზრუნველჰყოთ უსაფრთხო გარემო მოსწავლეებისთვის პანდემიასთან მიმართებაში?
- პარადოქსია, მაგრამ მიუხედავად თავისი მასშტაბებისა, იგულისხმება როგორც ფართობი, ასევე მოსწავლეებისა და პერსონალის რაოდენობა, 1800 მოსწავლე, 200 მასწავლებელი და პლიუს მომსახურე პერსონალი. სკოლა იქცა ყველაზე უსაფრთხო და სამაგალითო სივრცედ. მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც, სრულიად ითვალისწინებენ იმ რეგულაციებს, რაც სკოლის გახსნისთვის, აუცილებელი პირობა იყო. ბავშვებმა კარგად გააცნობიერეს, რომ ძალიან დაზარალდნენ გასული თვეების განმავლობაში და ახლა ცდილობენ წესების დაცვით, თავიდან აიცილონ სიტუაციის განმეორება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მოზარდები საოცარ მაგალითს იძლევიან საზოგადოების ზრდასრული ნაწილისთვის. პირდაპირაც ვეუბნები-ხოლმე, რომ ქედს ვიხრი მათ წინაშე.
- როგორია ახალი რეგულაციები და შეზღუდვები სკოლებისთვის?
- სკოლამ უზრუნველჰყო რამდენიმე შესასვლელი, რათა ზარის დარეკვისას, ბევრმა მოსწავლემ ერთად არ მოიყაროს თავი, სავალდებულოა ტემპერატურის კონტროლი მასწავლებლებისთვის, ყველა კუთხეში დგას ხელების სადეზინფექციო ხსნარი, აუცილებელია ნიღბების ტარება და ისინი მოსწავლეებს და მასწავლებლებს ურიგდებათ სკოლაში. გარდა დასუფთავების ძირითადი მეთოდისა, კლასების დასუფთავება ხდება განსაკუთრებული წესითაც. მასწავლებლებს გვაძლევენ დეზინფექციის ჩასატარებელ ხელსახოცებს, ჩვენი მაგიდის გასაწმენდად ყოველი გაკვეთილის დაწყების წინ. ვიცავთ დისტანციას საკლასო ოთახებში და ასევე სკოლის თავისუფალ სივრცეში. დირექციამ გვთხოვა, მოვერიდოთ პირდაპირ კონტაქტს, თუნდაც დიდაქტიკური მასალების გაცვლის დროს, თუ მაინც მიწევს შეხება, ხელთათმანებს ვიყენებ. რაც შეეხება საშინაო დავალებებს, ნამუშევრები ე.წ. კარანტინს გადიან, სამი დღის განმავლობაში ვაკონსერვებთ და მხოლოდ შემდეგ ვამოწმებთ. ასევე, სკოლამ სამინისტროსგან დამოუკიდებლად, მასწავლებლების მიერ გამართული კენჭისყრის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება, შევადგინეთ ცხრილი და კვირაში ერთი დღე, როტაციის პრინციპით, თითოეულ კლასს აქვს ონლაინგაკვეთილები. ამგვარად, შევამცირებთ მოსწავლეების რაოდენობას ყოველდღიურად და ეს საშუალებას მოგვცემს შენობის კონკრეტული სექტორები დავტოვოთ თავისუფალი, სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად.
- სწავლის პროცესის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ფლორენციის სკოლებში დაინფიცირების 42 შემთხვევა გამოვლინდა, ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ სასწავლო პროცესი ისევ სრულიად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს?
- აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ 42 მოსწავლეს ვირუსი სკოლაში არ შეხვედრიათ. სამწუხაროდ, სკოლის გარეთ არც თუ ისე ყურადღებით არიან რეგულაციების მიმართ და შედეგიც სახეზეა. საშიშროება, რომ ისევ დაგვხურონ, არსებობს, მაგრამ არა იმის გამო, რაც სკოლაში ხდება, არამედ იმის გამო, რასაც სკოლის გარეთ ვხედავთ.
- როგორ აფასებთ დისტანციურ სწავლებას, შესაძლოა შევადაროთ ის ჩვეულებრივ სასწავლო პროცესს?
- ვირტუალური რეალობა, რეალობას ვერასდროს შეცვლის. ეს შედარება, ვერანაირ კრიტიკას გაუძლებს, მაგრამ იმ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალი იყო, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოგვეყენებინა და ასეც მოვიქეცით. ვეცადეთ მოვრგებოდით არსებულ რეალობას. დამატებით მოგვიწია პროგრამის გადახედვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოგვეღო ძირითადი პროგრამიდან და ისეთი ფორმით მიგვეტანა ბავშვებამდე, რაც დისტაციური სწავლებისთვის იქნებოდა ადექვატური. მასალებს ვამზადებდით სპეციალურ ფორმატში, იქნებოდა ეს წერილობითი, გრაფიკული, ვიდეო თუ სხვა. შევხედოთ ამ ყველაფერს დადებითი კუთხიდან. წარმოიდგინეთ ასეთ სიტუაციაში ოცი წლის წინ რომ აღმოვჩენილიყავით. მაშინ მართლაც „ლოქდაუნში“ მოვხვდებოდით. შევხედოთ დისტანციურ სწავლებას როგორც საშუალებას, რომ ასიათასობით მოზარდი, სრულიად მოწყვეტილი არ აღმოჩნდა სასწავლო პროცესს.
- იტალიურ უმაღლეს სკოლებში სწავლა, საკმაოდ რთულია და ხშირია საშემოდგომო გამოცდები, ან კლასში ჩარჩენის ფაქტები. წელს, მსგავსი არაფერი მომხდარა, საატესტატო გამოცდებიც შედარებით მარტივად ჩატარდა, ყოველივე ეს, ცუდ ზეგავლენას ხომ არ მოახდენს მოზარდებზე?
- სხვანაირად არ გამოვიდოდა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი, მასწავლებლების აზრით, განათლების მინისტრმა დაუშვა შეცდომა, როდესაც მარტშივე განაცხადა, რომ ყველა გადავიდოდა კლასიდან კლასში და ყველა დაამთავრებდა სკოლას, პრობლემების გარეშე. ბავშვების დაიმედება და ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. სკოლის დამამთავრებელი გამოცდა, დაგეთანხმებით, რომ გაცილებით მარტივი და მხოლოდ ზეპირი ფორმით ჩატარდა, მიუხედავად ამისა, მოსწავლეებმა პასუხისმგებლობის საკმაოდ მაღალი გძნობა გამოიჩინეს და მომზადებულები მოვიდნენ.
- აკრძალვები, რომ ბავშვები ერთმანეთს კონკრეტულ მანძილზე არ უნდა მიუახლოვდნენ, ერთმანეთს არ უნდა შეეხონ, უხეშად რომ ვთქვათ, ერთმანეთს უნდა მოერიდონ, სამომავლოდ ხომ არ იქონიებს გავლენას მათ ხასიათსა და დამოკიდებულებებზე?
- სამწუხაროდ, ეს ყველაფერი, მოზარდებზე კვალს დატოვებს. ამის შედეგს აუცილებლად ვნახავთ, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რამდენად სოლიდარულები არიან ისინი ერთმანეთის მიმართ, როგორ უფრთხილდებიან ერთმანეთს, მაგრამ შეხება, ჩახუტება, თუნდაც ერთმანეთში კამათი, ჰაერივით აუცილებელია მათთვის. აშკარად იგრძნობა, თუ რამდენად აკლიათ მათ ეს ყველაფერი.
- რა იქნება თქვენი მესიჯი ქართველი მასწავლებლებისთვის ამ რთულ სიტუაციაში, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე?
- ნუ დავივიწყებთ, რამდენად ვჭირდებით ბავშვებს როგორც გზამკვლევები და რომ მათთვის მისაბაძი მაგალითი ვართ. ნუ დაგვავიწყდება, რომ მათ ჩვენი სითბო სჭირდებათ, ნუ შევიკავებთ თავს ამ სითბოს გამოხატვისგან. ნუ დავივიწყებთ მათ ასაკს და გვახსოვდეს თუ რამხელა დაბრკოლებების გადალახვა უწევთ ამ რთულ ასაკში. გამოვიყენოთ ყველა საშუალება იმისთვის, რათა ვაგრძნობინოთ, რომ მათ გვერდით ვართ, თუნდაც ზოგჯერ სიმკაცრით გამოვხატოთ ჩვენი სიახლოვე. დამიჯერეთ, ეს მათ სჭირდებათ და აფასებენ. თუ იგრძნობენ რამდენად ძვირფასები არიან ჩვენთვის, იგივეს დაგვიბრუნებენ.
ნინა მამუკაძე-სორდინი - სპეციალურად „ევროპატაიმისთვის“ იტალიიდან