კულება: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება

„თურქეთში რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაცია რეფერენდუმის ჩატარების საკითხებზე განხილვას არ აპირებს".- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა. 

კულება ამბობს, რომ უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს არ განიხილავენ, რადგან ეს უკრაინის შიდა საქმეა.

„ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ რომელი რეფერენდუმი ჩავატაროთ თუ არ ჩავატაროთ, ეს მოლაპარაკების საგანი არ არის. უკრაინის პრეზიდენტი ყოველთვის ყურადღებას ამახვილებს ხალხის პოზიციაზე, უკრაინელების პოზიციაზე. ამ თვეში ჩვენ გავიარეთ ეროვნული ერთიანობის გრძელი გზა. მე გამოვრიცხავ სიტუაციას, როდესაც ხელისუფლება რაღაცას აკეთებს ხალხის ნების საწინააღმდეგოდ".- ამბობს კულება.

მისი თქმით, მოლაპარაკების არც ერთ ფუნდამენტურ საკითხზე შეთანხმება, როგორც ასეთი, არ არსებობს, მაგრამ ხდება აზრთა, წინადადებებისა და იდეების გაცვლა.

21 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება.

თურქეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელმაც შეიძლება ოფიციალურ კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს, - ამის შესახებ Reuters უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იგორ ჟოვკვაზე დაყრდნობით წერს.  მისი განმარტებით, ეს პირობა შეიძლება იყოს ომის დასრულების მიზნით რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების ნაწილი.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 29 მარტს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შეხვდება მათი პირისპირ მოლაპარაკებების დაწყებამდე. 

როგორც ცნობილია, თურქეთში, ანტალიაში 10 მარტს უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. დიმიტრი კულებამ და სერგეი ლავროვმა მარიუპოლში ჰუმანიტარული კორიდორის საკითხი განიხილეს. 

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკების მეოთხე რაუნდს 29-30 მარტს სტამბოლში გამართავენ.

ასევე წაიკითხეთ:

ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს

ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს

აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს


თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters

უკრაინამ თურქეთს სთხოვა, რუსული გემები არ გაატაროს

ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია