რუსეთმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა, ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი განცხადებას ავრცელებს.
Amnesty International-ის გენერალური მდივნის, ანიეს კალამარის თქმით, ორგანიზაცია მარიუპოლის განადგურების შესახებ დეტალურ ანგარიშს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.
„მარიუპოლის ალყაში მოქცევა, მოსახლეობის ჰუმანიტარული ევაკუაციის უარყოფა და მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნეში ამოღება – ეს სამხედრო დანაშაულებია. ეს არის დღევანდელი რეალობა უკრაინაში", - ამბობს ანიეს კალამარი.
ქალაქის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, მარიუპოლში 5000-მდე ადამიანი დაიღუპა.
მისი თქმით ქალაქში შენობების 90% დაზიანდა და 40% განადგურდა.
მარიუპოლი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ალყაში იმყოფება. ოკუპანტები ქალაქს ინტენსიურად ბომბავენ. ქალაქში დანგრეულია მთელი ინფრასტრუქტურა. მოსახლეობას არ აქვს წყალი, საკვები, მედიკამენტები.
ექსპერტების შეფასებით, რუსეთისთვის მარიუპოლის ხელში ჩაგდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ცდილობს შექმნას სახმელეთო დერეფანი ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებს შორის, რომლებსაც აკონტროლებენ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ქალაქის მერი: მარიუპოლში 5000-მდე ადამიანი დაიღუპა
WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს