ავსტრიულ-რუმინული ენერგეტიკული კომპანია OMW Petrom-ი საქართველოს შავი ზღვის შელფში ბუნებრივი აირის მარაგების მოძიებას იწყებს. პროექტის ბიუჯეტი $30 მილიონია.
ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ექსპერტული შეფასებით, საქართველოს შელფზე ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი მარაგებია.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საკითხთან დაკავშირებით, კომპანია OMW Petrom-ის დელეგაციას შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში OMW Petrom-ი სამგანზომილებიან სეისმურ საძიებო სამუშაოებს განახორციელებს, პროექტის მომდევნო ეტაპზე კი ბურღვა დაიწყება.
კომპანია OMV Petrom S.A შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს მალე დაიწყებს. კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.
ცნობისთვის, OMV Petrom-ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი OMV-ის შვილობილი კომპანიაა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტი - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, ავსტრიულ OMV-ს $1.5 მლრდი დაუჯდა.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე აღმოჩენილია და დამუშავებაში იმყოფება ნავთობის - 15 და გაზ-კონდენსატის 1 საბადო. ჯამურად ამ საბადოებიდან მოპოვებულია 28 მლნ. ტონაზე მეტი ნავთობი და 3 მლრდ მ3-ზე მეტი გაზი.
დღეისათვის საქართველოს სახელმწიფოსა და ინვესტორ კომპანიებს შორის გაფორმებულია 24 ხელშეკრულება, რომელთა ფარგლებშიც ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გარდა მოქმედებს 7 ნავთობკომპანია: “ნორიოს საოპერაციო კომპანია“; „ბლოკ ოფერეითინგ კომპანი“; ,,ქურა ბეისინ ოფერეითინგ კომპანი“; „ენ-ვი-პი ჯორჯია“; „ვესტ გალფ პეტროლიუმ ინჯინერინგ“; „ჯორჯია ქოალიშენ ენერჯი ლიმითედ“; „ოუ -ემ -ვი პეტრომი“.