იპე კოფოდი: დანია გმობს რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას

„დღეს, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს,  ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“ - ასე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს.

კომენტარი მან საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღეს, როდესაც მსოფლიო საშიში და ავტორიტარული რეჟიმის აღზევების მოწმეა და რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, ხოლო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ რუსული ჯარი დგას, დასავლეთი მტკიცედ უჭერს მხარს  საქართველოს და ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც საერთაშორისო წესებისა და ღირებულებების ერთგულია.

„ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთი.  დემოკრატიული ქვეყნები და მთელი დემოკრატიული სამყარო ერთად უნდა დადგეს“ - ხაზგასმით აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბაბილოვი გამოდის. მან ამის შესახებ 30 მარტს გადაცემა "Соловьев LIVE"-ში განაცხადა. 

2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა.

ასევე წაიკითხეთ 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს

საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა