„არ ვეთანხმები კანონს, რომელიც წარადგინეს. მე არ ვეთანხმები არც ერთ კანონს, რომელიც აფერხებს ოპოზიციის განვითარებას ან ოპოზიციური პარტიების ხელმისაწვდომობას მედიასთან, - „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა შეაფასა.
„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს და საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეთ, რათა პასუხი მოსთხოვონ თავიანთ ლიდერებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. იმედი მაქვს, რომ ამ კანონის მიღებამდე მის მიზანშეწონილობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში.
პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც პარტიებს, რომელთა დეპუტატებიც მანდატზე უარს იტყვიან, დაფინანსება შეუწყდებათ.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ მანდატებზე უარის თქმის გამო პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონპროექტი და პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ კანონპროექტი დასკვნებისთვის ვენეციის კომისიას ან ეუთო/ODIHR-ს გაეგზავნოს.