რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ანდრეი კლიმოვი აცხადებს, რომ აჭარას შეუძლია მიბაძოს აფხაზეთისა და [ე.წ] სამხრეთ ოსეთის მაგალითს და „დაიწყოს საქართველოდან გამოყოფის პროცედურები“. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია, Ria Novosti ავრცელებს.
„არ გამოვრიცხავ, რომ შექმნილი მოვლენების ფონზე, აჭარამ მიბაძოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითს. თუ მხედველობაში მივიღებთ ისტორიულ, რელიგიურ და გეოგრაფიულ მდგომარეობას, არ არის ძნელი გასაგები, რომ ანკარა შეეცდება გააძლიეროს საკუთარი გავლენა ჩრდილო-აღმოსავლეთ შავ ზღვაზე აჭარელი სეპარატისტების დახმარებით“, – განაცხადა კლიმოვმა „ტელეგრამით“ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბაბილოვი გამოდის. მან ამის შესახებ 30 მარტს გადაცემა "Соловьев LIVE"-ში განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა.
„კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს, მათ შორის არც იურიდიულს“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის, გადაწყვეტილების კომენტირებისას.
2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა.
ასევე წაიკითხეთ
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს
საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა