ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით გადაზიდული ნავთობით დატვირთული მე-5000-ე ტანკერი თურქეთის პროვინცია ადანაში, ჯეიჰანის საზღვაო ტერმინალზე დაიტვირთა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
ჰეიდარ ალიევის სახელობის ტერმინალში შემოსული ნედლი ნავთობი ტანკერებით მსოფლიო ბაზარზე იგზავნება.
2006 წლის ივნისიდან BTC-ის თურქულ მონაკვეთზე ოპერირებს სახელმწიფო კომპანია BOTAŞ International Ltd (BIL).
შპს BOTAŞ International-ისა და BTC-ის მონაცემებით, 2006 წლის 2 ივნისიდან ტანკერებმა მსოფლიო ბაზარზე 3 მილიარდ 813 მილიონ ბარელამდე ნედლი ნავთობი მიიტანეს.
Anadolu Agency-სთან ინტერვიუში შპს BOTAŞ International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნადიმ ექიზმა განაცხადა, რომ კომპანია, როგორც თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ერთ-ერთი გამორჩეული სტრუქტურის წარმომადგენელი, ამაყობს რომ მე-5000-ე ტანკერი გადაზიდა.
მისი თქმით, BTC მილსადენის წყალობით, თურქეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა.
„თურქეთი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს. BOTAŞ International ყველა ღონეს ხმარობს თურქეთის სახელმწიფოს მეთაურის მიერ 2023 წლისთვის დასახული მიზნების მისაღწევად. თურქეთის მიერ გადადგმული გიგანტური ნაბიჯები ენერგეტიკის სფეროში კიდევ უფრო აძლიერებს მონდომებას დასახული მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა ეკიზმა.
ამავდროულად, აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა BOTAŞ International-ის უზარმაზარი წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში, რომლის ძალისხმევით 2006 წლის 2 ივნისიდან განხორციელდა ნედლი ნავთობის უსაფრთხო მიწოდება მსოფლიო ბაზრებზე. „თხუთმეტი წლის განმავლობაში BOTAŞ International გადაიქცა გლობალურ ბრენდად თურქეთის ენერგეტიკულ ბაზარზე. მე მჯერა, რომ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის მიერ ასახული ენერგეტიკული პოლიტიკის წყალობით, BOTAŞ International გაზრდის წარმატებას ამ ინდუსტრიაში“, - თქვა ეკიზმა.
1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან.
ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან.