საფრანგეთი იმ რუს დიპლომატებს გააძევებს, რომელთა საქმიანობაც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს საღამოს საფრანგეთმა გადაწყვიტა გააძევოს ის რუსი თანამშრომლები, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური სტატუსით და საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ინტერესებს. ეს აქცია არის ევროპული დამოკიდებულების ნაწილი. ჩვენი მტავარი პასუხისმგებლობა ყოველთვის იყო საფრანგეთისა და ევროპელების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტელეარხ BFMTV-ის ცნობით, საქმე ეხება 30-მდე რუსი დიპლომატის გაძევებას.
ცნობისათვის, დღეს გერმანიამ 40-მდე რუსი დიპლომატი ქვეყნისათვის არასასურველ პირად დაასახელა.
ბელგიის ხელისუფლებამ 29 მარტს 21 რუსი დიპლომატი გააძევა ჯაშუშობისთვის.
ნიდერლანდებმა კი 17 რუსი დიიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადეს, რომელთაც სპეცსამსახურების მონაცემებით ჯაშუშობა დაუდასტურდათ.
ირლანდიამ 29 მარტს 4 რუსი დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. მიზეზია დიპლომატიური ნორმების დარღვევა.
4 აპრილს ლატვიამ და ლიეტუამ განაცხადეს, რომ ბუჩაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ისინი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებენ. ეს ღონისძიება გულისხმობს ელჩების გამოწვევას.
ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა".
ასევე წაიკითხეთ