რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცახდა, რომ ბუჩაში შექმნილი ვითარება დადგმული შოუა.
ამასთან, პესკოვმა დასძინა, რომ ბუჩის კადრები არის "კარგად მართული ტრაგიკული შოუ".
"მოვლენების მთელი მიმდინარეობა, უზარმაზარი მონაცემები, ფაქტობრივი მტკიცებულებები მიუთითებს გაყალბებაზე. ცდილობდნენ რუსული არმიის შეურაცხყოფას".- ამბობს პესკოვი.
კრემლის სპიკერმა უშიშროების საბჭოს წევრებსა და დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, თავი დააღწიონ სიტუაციის ემოციურ აღქმას.
"მონაცემები იყო წარმოდგენილი, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთმა თვალი და ყურები დახუჭა და არაფრის მოსმენა არ უნდა".- თქვა მან.
მანამდე სახელმწიფო დუმამ ბუჩაში შექმნილ ვითარებას რუსეთის დისკრედიტაციისკენ მიმართული პროვოკაცია უწოდა.
ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს.
გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.
ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.
ასევე წაიკითხეთ