აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივანი ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ოფიციალური პირები არ მიიღებენ მონაწილეობას მიმდინარე წელს „დიდი ოცეულის“ შეხვედრაში, თუ მას რუსეთი დაესწრება. ამის შესახებ Bloomberg წერს.
მოგვიანებით პრეს-სპიკერმა განმარტა, რომ იელენი გულისხმობდა ფინანსთა მინისტრების და ცენტრალური ბანკის მმართველების შეხვედრას, რომელიც 20 აპრილს ვაშინგტონშია დაგეგმილი.
„მე გასაგებად ვუთხარი ჩემს ინდონეზიელ კოლეგებს, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას რიგ შეხვედრებში, თუ რუსები იქ იქნებიან", - თქვა იელენმა.
ინდონეზია 2022 წელს „დიდი ოცეულის“ მასპინძელი ქვეყანაა. მსოფლიოს მსხვილი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ლიდერთა სამიტი ბალიში მიმდინარე წელს ნოემბერში გაიმართება.
G-20-ის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები მასპინძელ ქვეყანაში წელიწადში რამდენჯერმე იკრიბებიან. აპრილის სესიის გამართვა იგეგმება ვაშინგტონში „საერთაშორისო სავალუტო ფონდისა" და „მსოფლიო ბანკის" საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში.
ასევე წაიკითხეთ
Reuters: პოლონეთმა აშშ-ს „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვა შესთავაზა