ირაკლი კობახიძე უკრაინაში გენოციდზე: ჯერჯერობით, ამაზე არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინაში გენოციდთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს შეფასებას ელოდება. როგორც კობახიძე აცხადებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პოლიტიკური შეფასებების გაკეთება.

„გახსოვთ, იყო მაგალითად, მაკრონის კრიტიკული განცხადება ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, ამაზე არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორი ჰააგაში, დაველოდებით, რა თქმა უნდა, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება, გაკეთდეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური შეფასება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.

„დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი ძმები არიან", - ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტის შეკითხვას, ეთანხმება თუ არა ის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ტერმინ „გენოციდის“ გამოყენებას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაფასებლად.