პენტაგონი: რუსულ კრეისერზე აფეთქება მოხდა, მიზეზი არ ვიცით, თუმცა ვერც უკრაინის ვერსიას უარვყოფთ

აშშ-ს ახლა არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ დაადასტუროს, რამ გამოიწვია რუსეთის ფედერაციის ფლოტის კრეისერ „მოსკვაზე“ მომხდარი, თუმცა ვერც უკრაინის ვერსიას უარვყოფთ, - ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ MSNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ მოხდა აფეთქება, იმ ფოტოების მიხედვით რომელსაც ვფლობთ. აფეთქება სერიოზული იყო, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა გახდა ამის მიზეზი“, - განაცხადა კირბიმ.

კირბი ამბობს, რომ ხომალდს დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია და ის, სავარაუდოდ, სევასტოპოლში გაჩერდება სარემონტოდ. მისივე თქმით, ხომალდი ოდესიდან სამხრეთით, 96 კმ-ში იყო, რამდენიმე სხვა რუსულ გემთან ერთად.

„აფეთქება საკმარისად ძლიერი იყო“, - ამბობს კირბი.


რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ.

14 აპრილს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კრეისერ „მოსკვაზე“ ხანძრის კერა ლოკალიზებულია და ძირითადი სარაკეტო შეიარაღება არ დაზიანებულა. „იგეგმება კრეისერის ბუქსირით პორტში გადაყვანა“.

არიან თუ არა კრეისერზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები ან დაღუპულები, ამ საკითხს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში არ აზუსტებენ. კრეისერის ბორტზე სავარაუდოდ, ეკიპაჟის 680 წევრი იმყოფებოდა.


ასევე წაიკითხეთ 

რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომზე შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის ფლაგმან „მოსკვაზე“ მომხდარი აფეთქება