ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება

 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება, -  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა,  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უზრუნველყოფილი იქნება, რომ  აღნიშნული დოკუმენტი რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის. 
 
„ჩვენთვის ცნობილია, რომ არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის მისამართით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება.  ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის“, -  აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
 

შეგახსენებთ, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის ოფიციალური წერილით მიმართა. დეპუტატების წერილში ნათქვამია, რომ „მთავრობის მიმართ არსებობს მოთხოვნა, ევროკავშირის კითხვარი საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი, თუმცა ხელისუფლება თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება”. აქედან გამომდინარე, წერილის ავტორები „ითხოვენ დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში“.


 
ცნობისთვის, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
 
ასევე წაიკითხეთ