Reuters: ბრიტანეთი ევროპას უფრო მეტ გაზს მიაწვდის

ბრიტანეთი, შესაძლოა ევროპისთვის გაზის სატრანზიტო ქვეყანა გახდეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. ამის შესახებ Reuters წერს.

კომპანია National Grid ბრიტანეთიდან ევროპის მიმართულებით აპრილიდან სექტემბრამდე, გაზის ექსპორტის ზრდას ელოდება, რადგან ზამთრის დადგომამდე ევროპა გაზსაცავებში მარაგის შევსებას იწყებს. არის მოლოდინი, რომ წელს ევროპისთვის თხევადი გაზის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. National Grid-ში მიაჩნიათ, რომ თხევადი გაზის ტრანზიტი ზაფხულში 6,4 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 5,1 მილიარდი კუბური მეტრი იყო.


უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს.

ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ.


შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.


ასევე წაიკითხეთ

სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო