სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო

სომხეთმა, რომელიც ბუნებრივ გაზს რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ ყიდულობს, მომწოდებელთან ანგარიშსწორება აშშ დოლარის ნაცვლად რუსული რუბლით დაიწყო.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა, რომ რამდენიმე შესყიდვა რუბლში განახორციელეს.

„რამდენადაც ვიცი, ბოლო რამდენიმე გადახდა რუბლით შესაბამისი კურსის მიხედვით განხორციელდა. ფასწარმოება დოლარშია, მაგრამ გადახდა რუბლით ხორციელდება“, - განუცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა რუსულ მედიას.

2021 წელს სომხეთმა რუსეთიდან $414 მილიონის ღირებულების ბუნებრივი გაზი და $270 მილიონის ნავთობპროდუქტები შეისყიდა.

სომხეთის ხელისუფლება პირველია, რომელმაც რუსული გაზის რუბლში შესყიდვის შესახებ განაცხადა.


უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს.

ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ.


შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.