ვოლოდიმირ ზელენსკი: ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით,  ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ.

„ზოგიერთ ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს ესმის, რომ ახლა სხვა დროა, ეს აღარ არის ბიზნესისა და ფულის საკითხი. საქმე ეხება გადარჩენას“, - განუცხადა ზელენსკიმ BBC-ს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გაიმეორა მოწოდება უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესახებ და განაცხადა, რომ ისინი არ იღებენ მარაგს საკმარისად სწრაფად, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის თავდასხმა.

„აშშ, დიდი ბრიტანეთი, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ცდილობს, დავეხმაროს და გვეხმარებიან, მაგრამ მაინც, ეს უფრო ადრე და უფრო სწრაფად გვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.


ცნობისთვის, ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგება ენერგომატარებლების სფეროში რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციებს და აცხადებს, რომ თუკი მისგან ამას მოითხოვენ, უნგრეთი გაზის იმპორტისთვის რუსულ ვალუტას გამოიყენებს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.


BBC წერს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობაში მზარდი იმედგაცრუება ჩნდება ბერლინის მიმართ, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთის წინააღმდეგ ზოგიერთ სანქციას, მაგრამ ჯერჯერობით წინააღმდეგობას უწევს უფრო მკაცრი ქმედებების მხარდაჭერას.

შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.


ასევე წაიკითხეთ

ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

DW: გერმანია აცხადებს, რომ პუტინი გაზის საფასურის ევროში გადახდას დათანხმდა

ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად თქვა უარი

იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა

ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა

რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა