„საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია, თუმცა დღემდე რეალურად არაფერი გაკეთებულა ამ კუთხით და მეც არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად არის დაინტერესებული ამ პროექტით“, განაცხადა ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ინტერვიუში.
„რა საკვირველია, არა! საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია, თუმცა დღემდე რეალურად არაფერი გაკეთებულა ამ კუთხით და მეც არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად არის დაინტერესებული ამ პროექტით.
ჩემი აზრით, ეს იქნებოდა უდავოდ ღირებული აქტივი საქართველოსთვის, რაც მისცემდა მას შესაძლებლობას საბოლოოდ გამხდარიყო პორტალი ევრაზიასა და ევროპას შორის.
ამგვარად, საქართველო გახდებოდა ევროპის ნაწილი და ლოგისტიკის ცენტრი, რომელშიც ევროპაც და ამერიკაც მნიშვნელოვან ინვესტიციებს ჩადებდნენ. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც კრემლი და კრემლის მომხრეები ეწინააღმდეგებიან ამ პროექტს.
ანაკლიის და მსგავსი საერთაშორისო პროექტების გარეშე საქართველო, სამწუხაროდ, მოიაზრება მხოლოდ როგორც სამხრეთ კავკასიის ნაწილი, რომელიც რუსეთის, თურქეთისა და ირანის გავლენის ქვეშ იმყოფება, და არა როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული გავლენის მქონე ევროპული ქვეყანა. ერთადერთი, ვინც რეალურად სარგებელს იღებს ამ სიტუაციიდან, რა თქმა უნდა, არის კრემლი და არა ქართველი ახალგაზრდობა“, - განაცხადა ჰოჯსემა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პრიორიტეტად რჩება.
„ანაკლიის პორტი კვლავაც არის ჩვენი პრიორიტეტი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა. ჩვენ მთავრობის დავალებით ამ პროექტზე მუშაობას ვაგრძელებთ. მომავალ წელს განვაახლებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ამის საფუძველზე დავიწყებთ ინვესტორებთან მუშაობას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
როგორც მან პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის დიდ მნიშვნელობას საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იძენს.