„სამართლიანი არჩევნების" გამგეობის თავმჯდომარმა თამარ სართანიამ და გამგეობის წევრმა ბაია პატარაიამ საგანგებო ბრიფინგზე ორგანიზაციის დირექტორის ელენე ნიჟარაძის გათავისუფლება დაადასტურეს.
ISFED-ის გამგეობის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განმარტეს, რომ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გამგეობის წევრებს, „სამართლიანი არჩევნების“ გუნდსა და თავად დირექტორს შორის მიღწეული კონსენსუსის საფუძველზე გადადგა. თავად ნიჟარაძემ კი განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება გამგეობის შეფასების გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა. ნიჟარაძემ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ორგანიზაციისთვის რეპუტაციის შენარჩუნებაც დაასახელა.
ბაია პატარაიას თქმით, მან შეცდომა დაუშვა, როცა პარალელური დათვლის დროს დაშვებული შეცდომების შესახებ საზოგადოების დაგვიანებით აცნობა.
როგორც თამარა სართანიამ განმარტა, PVT-ზე მუშაობის პროცესში ჩართული იყო NDI-იც, რომელსაც ორგანიზაციამ დავალება ზეპირსიტყვიერად მისცა. ISFED-ს NDI-სთვის წერილობით არ უცნობებია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ბათილი ბიულეტენები ხმებს არ უნდა მიეთვალოს. სწორედ ამ მიზეზით იყო ორგანიზაციის მიერ გამოწვეულ პარალელურ დათვლებში ცდომილება.
„ეს იყო კონსენსუსური გადაწყვეტილება. ამ აზრს იზიარებდა გამგეობა, თავად ელენე ნიჟარაძე და ორგანიზაციის დიდი ნაწილი", - თქვა ბაია პატარაიამ.
პატარაიას თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ "ადამიანური შეცდომა" იქნა დაშვებული, თუმცა მათთვის არ აღმოჩნდა ელენე ნიჟარაძის დასაბუთება დამაჯერებელი. მას სურდა შეცდომის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის მოგვიანებით, ანგარიშის წარდგენის დროს მიეწოდებინათ.
"გამგეობა მიიჩნევს, რომ ამ ინფორმაციის დროულმა არგაჟღერებამ გამოიწვია ბევრი ეჭვი და შეთქმულების განვითარება, რამაც რეპუტაციული ზიანი მიაყენა ორგანიზაციას და აღმასრულებელი დირექტორის მიმართ, ხო არ ხორციელდებოდა მასზე ზეწოლა და PVT-იც დააყენა ეჭვქვეშ", - თქვა პატარაიამ.
შეგახსენებთ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ განმარტაა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.