ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, რაც შეიძლება მალე მიაწოდონ უკრაინას მეტი იარაღი. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს უკრაინის კონფლიქტის დასასრულებლად, თუმცა საომარი მოქმედებები შეიძლება „ყველაზე უარეს შემთხვევაში, თვეები ან წლებიც კი გაგრძელდეს".
„ყველა წევრმა სახელმწიფომ, ვისაც უკრაინისთვის იარაღის სწრაფად მიწოდება შეუძლია, ეს უნდა გააკეთოს, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება, გადარჩეს უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ მწვავე თავდაცვით ბრძოლაში“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი Bild am Sonntag-თან ინტერვიუში.
მან ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, არ გადადონ გადაწყვეტილებების მიღება იარაღის ტიპს შორის სხვაობის გამო.
„მე არ განვასხვავებ მძიმე და მსუბუქ იარაღს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად და რისი გაკეთებაც შესაძლებელია.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა 14 აპრილს გაიმეორა მოწოდება უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესახებ და განაცხადა, რომ ისინი არ იღებენ მარაგს საკმარისად სწრაფად, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის თავდასხმა.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.