პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა სამხედრო დანაყოფს, რომელსაც უკრაინის ქალაქ ბუჩაში სისასტიკეში ადანაშაულებენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა სამხედრო დანაყოფს, რომელსაც უკრაინა ქალაქ ბუჩაში სისასტიკეში ადანაშაულებს. BBC-ის ცნობით, პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებით 64-ე მოტომსროლელ ბრიგადას მიენიჭა „გვარდიის“ წოდება მისი წევრების „მასობრივი გმირობისა და ვაჟკაცობისთვის, გამძლეობისა და გამბედაობისთვის“.

უკრაინა აცხადებს, რომ ბუჩაში რუსებმა 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - მოსკოვი უარყოფს რაიმე სახის მონაწილეობას.

11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.

ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.