საბერძნეთმა EU-ს სანქციების ფარგლებში რუსული ტანკერი დააკავა

საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ევროკავშირის სანქციების ფარგლებში რუსული ტანკერი დააკავა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

საბერძნეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით რუსული ტანკერის დაკავების შესახებ განკარგულება შავი ფულის გათეთრებისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ მებრძოლმა უწყებამ გასცა ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესდა.

რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობით დატვირთული ტანკერი „პეგასი“ პელოლონესისკენ მიემართებოდა, რათა უამინდობის გამო ტვირთი სხვა გემზე გადაეტანა, რა დროსაც საბერძნეთის სანაპირო დაცვამ დააკავა. ტანკერის ბორტზე ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა. საბერძნეთის სანაპირო დაცვა აცხადებს, რომ ტანკერი ტვირთის გარეშეა დაკავებული.


17 აპრილიდან, რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალათ, საზღვაო ბლოკადას შეუერთდნენ ესტონეთი, ბელგია და ბულგარეთი. მანამდე რუმინეთმა და იტალიამ დახურეს პორტები რუსული გემებისთვის.

ეს არის ერთ-ერთი ზომა, რომელიც მანამდე დაამტკიცა ევროკავშირმა. ევროკავშირმა 8 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი გამოიტანა. რომლის თანახმადაც იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ

ესტონეთმა, ბელგიამ და ბულგარეთმა რუსული გემებისთვის პორტები დახურეს 

ლატვია რუსული გემებისთვის პორტების დაკეტვას აპირებს

დმიტრო კულება: დახურეთ პორტები რუსული გემებისთვის, დახურეთ კრიპტოხვრელები, დააწესეთ ნავთობის ემბარგო