17 აპრილიდან, რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალათ, საზღვაო ბლოკადას შეუერთდნენ ესტონეთი, ბელგია და ბულგარეთი. მანამდე რუმინეთმა და იტალიამ დახურეს პორტები რუსული გემებისთვის.
ეს არის ერთ-ერთი ზომა, რომელიც მანამდე დაამტკიცა ევროკავშირმა. ევროკავშირმა 8 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი გამოიტანა. რომლის თანახმადაც იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.