კანადამ პუტინის შვილებსა და რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს სანქციები დაუწესა

კანადამ რუსეთის ფედერაციის 14 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა. შეზღუდვები ეხებათ ბიზნესმენებსა და მათი ოჯახის წევრებს.

სანქცირებულთა სიაში არიან ვლადიმერ პუტინის შვილები მარია ვორონცოვა და ეკატერინე ტიხონოვა. ასევე, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა.

სანქცირებულთა სიაშია ბიზნესმენი მიხაილ გუცერიევი, მეწარმე ალექსანდრ პონომარენკო, ასევე Finstar Financial Group-ის პრეზიდენტი ოლეგ ბოიკო, ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ტორშინი, საერთაშორისო კომპანია „არეტის“ მფლობელი გორ მარკოვი. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ცოლ-შვილი, ასევე, Alfa Group-ის თანამფლობელები მიხაილ ფრიდმანი, პეტრ ავენი, გერმან ხანი, ვიოლონჩელისტი და ბიზნესმენი სერგეი როლდუგინი.

„ჩამოთვლილი პირები წარმოადგენენ რუსული რეჟიმის მომხრეებს, რომლებიც არ აღიარებენ უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, - აცხადებენ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში. კანადა სანქცირებული პირების ქონებას დააყადაღებს და ამ ადამიანებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ.


უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.  ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშაბა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 

ასევე წაიკითხეთ

აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ

დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს