ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების შედეგად, ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. ამის შესახებ უკრაინული მედია ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. 

მედიის ცნობით, ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრმა სიგრიდ კაარმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ადგილობრივი ბანკებიდან და სადაზღვევო კომპანიებიდან რუსული წარმომავლობის აქტივების გაყინვის შესახებ 188 ინფორმაცია შემოვიდა.   

გასაულ კვირას ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა საბანკო ანგარიშებზე რუსული წარმომავლობის € 200 მილიონის გაყინვის შესახებ განაცხადა. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა რუსი ოლიგარქების კუთვნილი €850 მილიონი ევრო გაყინა. 

პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავეცკი კი პარლამენტში ოპოზიციასთან რუსული წარმომავლობის ქონების კონფისკაციის საკითხის წამოწევას გეგმავს. 

უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. 

შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

ასევე წაიკითხეთ

ბაჰამის კუნძულების ცენტრალურმა ბანკმა $3 მილიარდის რუსული აქტივები გაასაჯაროვა

Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს 

Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის  

ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს