აღიარებს თუ არა აშშ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამორიცხავს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს, რაც დამატებით სანქციებსა და შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უწყების პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • „ყურადღებით ვაკვირდებით ფაქტებს. ვითვალისწინებთ კანონს. იქნება ეს უფლებამოსილება, იქნება ეს რაიმე სხვა უფლებამოსილება, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია კანონის შესაბამისად, ჩვენ მას გამოვიყენებთ, თუ ეს იქნება ეფექტიანი და შესაბამისი“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

ამ სტატუსს სახელმწიფო დეპარტამენტი ანიჭებს ქვეყნებს, რომლებმაც „არაერთხელ დაუჭირეს მხარი საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“. მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომლებსაც ამჟამად აშშ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ასახელებს. ესენია ჩრდილოეთ კორეა, ირანი, კუბა და სირია.

შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. 


ამავე თემაზე

Washington Post-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს